მონალიზას საიდუმლო


კომპოზიციის ძირფესვიან ანალიზს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ლეონარდო ინდივიდუალური პორტრეტის შექმნას არ ცდილობდა. „მონა ლიზა“ გახდა მხატვრის იდეების ხორცშესხმა, რაზეც და ვინჩი საკუთარ ტრაქტატში საუბრობს. ლეონარდო საკუთარ ნაშრომებს ყოველთვის მეცნიერულად უდგებოდა, სწორედ ამიტომ, „ჯოკონდა“, რომლის შექმნაზეც მხატვარმა რამდენიმე წელი იმუშავა, იქცა იდუმალ, ულამაზეს, მაგრამ უემოციო სახებად. მიუხედავად იმისა, რომ ჯოკონდას მზერა ჩვენსკენაა მომართული, არსებობს ბარიერი მასსა და ჩვენს შორის — სკამის სახელური, წარმოსახული, როგორც ღობე. ასეთი კონცეფცია კი გამორიცხავს ინტიმური დიალოგის შესაძლებლობას. ჯოკონდას სახის გამომეტყველების საიდუმლო ნახატის რამდენიმე ფენაშია. სინათლის დაცემის კუთხის მიხედვით ტილოზე გამოსახული ქალის სახე მუდმივად იცვლება, თითქოს ის ცოცხალია. მას შემდეგ, რაც ადამიანი თვალს შეაჩვევს სახეს, დაინახავს, რომ „ჯოკონდას“ თვალები ჩაუცვივდება, მისი მომღიმარი სახე სიკვდილის დამცინავ გამომეტყველებად შეიცვლება. ორი, სრულიად ურთერთსაწინააღმდეგო, სიცოცხლისა და სიკვდილის, საწყისის ერთ სურათში შერწყმა ძლიერ, ფსიქოლოგიურ ეფექტს ქმნის. აქ არის გადმოცემული ადამიანის არსებობის სრული შეუცნობელობა, საიდუმლო ისაა, თუ როგორ მოახერხა მხატვარმა ლამაზი ქალის სახეში თავის ქალის, ანუ სიკვდილის ასე ნათლად გამოხატვა.